რეკლამა

ორგანული ჭინჭარი, ველური ვაშლი, ძირტკბილა, მოცვი და გირჩი – ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტები

22.05.2016 • 2667
ორგანული ჭინჭარი, ველური ვაშლი, ძირტკბილა, მოცვი და გირჩი – ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ მეწარმეების რიცხვი, რომლებმაც ბიოსერტიფიკატისთვის კომპანია „კავკასსერტს“ მიმართეს. ნუკრი ქურდაძე უკვე სამი წელია „კავკასსერტის“ აღრიცხვაზეა, სულ მალე ბიოსერტიფიკატსაც მიიღებს. ქურდაძეს ახალშენში 10 ჰექტარზე ვენახი აქვს და ბიოღვინოს წარმოებას გეგმავს. უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს ევროპაში გაიტანს, მოლაპარაკებებს საფრანგეთთან და ბულგარეთთან აწარმოებს.

მოთხოვნა პროდუქტზე, რომელსაც აწერია – „ბიო“, მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ევროპაში უკვე იციან იმ საკვების ფასი, რომლის წარმოებისას შხამქიმიკატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები არ გამოიყენება. დღეს ბიოპროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ევროკავშირის ბაზარზე ეს  ნიშა თავისუფალია.  სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ექსპორტირების  უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ბიოპროდუქტისადმი დიდი ინტერესი კი საქართველოში უკვე შეინიშნება.

„წელიწადნახევარია, რაც საქართველოში დავბრუნდი. ერთ-ერთი დასავლური კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის ფილიალში ვმუშაობდი, დაახლოებით 5-6 ქვეყნის ღვინოების ამბასადორი ვიყავი, შესაბამისად, ბოლო 15 წლის განმავლობაში შეხება მქონდა დასავლურ ღვინოებთან. შემიყვარდა ეს საქმე, გეგმაში მქონდა საწარმოს გაკეთება საქართველოში. ქართული ღვინის პოტენციალი ძველი ტრადიციების თანამედროვვე ტექნოლოგიებთან შერწყმაშია. სხვანაირად ქართული ღვინო ვერ აჯობებს ევროპულს.  როდესაც საქართველოს საექსპორტო პოტენციალს  ერთი ავსტრალიური ღვინის ბრენდის მოცულობა აჭარბებს, ძნელია, კონკურენცია გაუწიო. შენი სტილი უნდა ნახო, რომელიც გამოგარჩევს სხვა ქვეყნის ღვინოებისგან“, –  ამბობს ნუკრი ქურდაძე.

შპს „კავკასსერტი“ ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. კომპანიის მიზანი ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირებაა. შპს „კავკასსერტი“ გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS-ის მიერ 2008 წლიდან ISO-17065-ის მიხედვით არის აკრედიტებული. კომპანიის დირექტორი დავით ბედოშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიოსერტიფიკატის მისაღებად „კავკასსერტს“ ბევრი ადამიანი მიმართავს, დაინტერესებული პირების რაოდენობა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. ამჟამად „კავკასსერტი“ 40 მეწარმესთან მუშაობს.

„ბევრმა არ იცის, რომ ბიოსერტიფიკატის მიღებას სჭირდება გარდამავალი პერიოდი, ერთწლიან კულტურებში – 2, მრავალწლიან კულტურებში 3 წელი. საჭიროა სტანდარტის დაცვა, რაც ნიშნავს, რომ რაღაცის გამოყენება შეიძლება, რაღაცის – არა. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ლაბორატორია, სადაც მოიტანენ პროდუქტს, გავსინჯავთ და თუ დაბინძურებული არ არის, ბიოსერტიფიკატს მივცემთ, მაგრამ ასე არ არის. ბიოსერტიფიცირება ნიშნავს წარმოების მეთოდზე დაკვირვებას.

ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ღვინოზე, მაგრამ ყველაზე წარმატებული ევროკავშირში ექსპორტის თვალსაზრისით ველური ხილია: ძირტკბილა, მოცვი,  ჭინჭარი, ველური ვაშლი, რისგანაც ჩირს აკეთებენ, გირჩები“, – ამბობს დავით ბედოშვილი.

„კავკასსერტისთვის“ ბიოსერტიფიკატის მისაღებად უახლოეს მომავალში მიმართვას გეგმავს 25 წლის ბექა ფოფხაძეც, რომელსაც ალაზნის მარჯვენა ველზე ჰექტარნახევარზე ვენახი აქვს. ჩვენთან ინტერვიუში ბექა ამბობს, რომ მისი ვენახის მახლობლად ბიომეურნეობა არავის აქვს, უფრო მეტიც, ხშირად არც არაფერი სმენიათ ბიოპროდუქტების შესახებ, მან კი უკვე წინასწარ იცის, რომ რამდენიმე წელიწადში ნატურალურ ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გაყიდის.

„შხამქიმიკატებს იმდენად ცუდი შემცველობა აქვს, რომ ღვინო არ იწმინდება,  მუდმივად აქვს ლექი.  რა რესურსიც  ყურძენს აქვს, იმის შესაბამის ღვინოს ვერ იღებ. უნდა ეცადო, რომ ყურძენმა საკუთარი პოტენციალი ბუნებრივად გამოამჟღავნოს და ამაში არ უნდა ჩაერიო, მით უმეტეს უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინო, ღვინოც უფრო ნატურალური  და სუფთა გამოვა. მომავალში  ბიოწარმოების გაფართოებას ვგეგმავ, მინისაწარმო მექნება. ჩემი მიზანია,  ბიოღვინო არაქართულ ბაზარზე გავყიდო, ექსპორტზე გავიტან ევროკავშირში,“ – ამბობს ფოფხაძე.

რატომ ბიომეურნეობა? ორგანული სოფლის მეურნეობის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი ჩვენთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ბიომეურნეობაზე გადასვლა, არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა.

„ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობა, ანუ ბიო. მეორე, ქიმიური სასუქები და შხამქიმიკატები  აბინძურებს ჰაერს, წყალს, მერე ხვდება წყალში. ბიო კი პირიქით, აჯანსაღებს. მესამე, ორგანული წარმოება ნიშნავს, რომ ვუფრთხილდებით ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას, ქიმიური სასუქი ზედმეტი თუ მოგივიდა, ამან შეიძლება, ძალიან დააზარალოს ადამიანი, იწვევს სხვადასხვა დაავადებას,“ – ამბობს მემარნიშვილი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთ ფაქტორი –  საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, პროდუქტის წარმოება კი ძვირი უჯდება.

„ვერ ვაჯობებთ თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთს, ის ქიმიურ სასუქებს თავად აწარმოებს, იაფი უჯდება პროდუქტის წარმოება, მეტი მოსავალი აქვს, ნაკვეთებიც უფრო დიდია, ჩვენთვის გამოსავალი ერთადერთია, სადაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, ეს არის ბიოპროდუქცია. ეს ნიშა თავისუფალია, მარტივად შეგვიშვებენ, ჩვენი კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს ამას. საჭიროა შესაბამისი პროგრამები, რომელიც იქნება გათვლილი რამდენიმე წელზე. ფერმერს სჭირდება სტიმულირება, როგორც უცხოეთში ხდება. რაღაც მოძრაობები არის, არსებობს იდეა, რომ გაიხსნას სასწავლებელი, სადაც ფერმერებს გადაამზადებენ, თუმცა ბიოწარმოების ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე არ არის დაძრული“,  – ამბობს მემარნიშვილი eugeorgia.info-სთან ინტერვიუში.

რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერს, რომელიც ბიომეურნეობაზე გადასვლას გადაწყვეტს? – სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ იგეგმება  მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნა.

„ბიოპროდუქტს სერტიფიკატი თუ არ მოჰყვება, აზრი არა აქვს, მასერტიფიცირებელი ორგანო კი მხოლოდ ერთია, მონოპოლისტი – „კავკასსერტი“. ინსპექტირებისა და სერტიფიკატის გადასახადი ძალიან მაღალია, ამიტომ საშუალო მეწარმეებს  ხშირად არ უღირთ, იმდენად ძვირია. ჩვენი მიზანია, შეიქმნას შესაბამისი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყების დაქვემდებარების ქვეშ იქნება და გასცემს სერტიფიკატებს, პირველ ეტაპზე სიმბოლური ფასი უნდა  გადაიხადონ ფერმერებმა, რომ წელში გაიმართონ, სტიმული მიეცეთ. ასევე,  მნიშვნელოვანია, რომ ბიოპრეპარატებს ჩვენს საცდელ ნაკვეთზე ვცდით, გასულ წელს შესანიშნავი შედეგები მივიღეთ, წელსაც 7 ბიოპრეპარატი უნდა გამოვცადოთ, რის საფუძველზეც ფერმერებს რეკომენდაციებს ვაძლევთ,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოაგროწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბარკალაია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას  მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნის შესახებ „კავკასსერტშიც“ ეხმაურებიან.

„ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანო, კიდევ რამდენიმე უცხოური კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც  სხვადასხვა პროექტი აქვთ, თუმცა ბევრი კლიენტი არ ჰყავთ. იქ შედარებით მაღალი ფასებია, რადგან ჩვენს ინსპექტორს ევროკავშირიდან ჩამოყვანა არ სჭირდება. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი უფრო იაფად გააკეთებენ სერტიფიცირებას, თუ, რა თქმა უნდა, სუბსიდირებული არ იქნებიან, ასეთ შემთხვევაში უფრო იაფად გასცემენ სერტიფიკატს, მაგრამ ჩვენ კონკურენციის გაწევა გაგვიჭირდება“, – ამბობს ბედოშვილი.

არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, მსოფლიოში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ბიოპროდუქტების გლობალური ბაზარი 2018 წლისთვის 700,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ხატია შამანაური

გადაბეჭდვის წესი