რეკლამა

რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?

22.05.2016 • 1443
რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?

ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი ისეთივე „ოკუპანტია, როგორიც თურქეთი. ამ მითის თანახმად, თუ რუსეთს ვამკობთ არასასიამოვნო ეპითეტებით, იგივე უნდა მიეზღოს თურქეთსაც“ – ანუ მასაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ იმის გამო რომ „საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული.

რომ გავიაზროთ ის, თუ რითია ეს მოსაზრება მცდარი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რამდენჯერ შეიცვალა მსოფლიო რუკა საუკუნეების განმავლობაში; როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ერთი და იგივე ტერიტორიაზე მმართველები და იმპერიები; როგორ გადადიოდა მიწები ერთი სახელმწიფოსა თუ მმართველის კონტროლიდან მეორეს ხელში. ისტორიულ წარსულში ყველა ქვეყანა ბრძოლითა და ძალადობით იფართოებდა ტერიტორიებს, და ახლა, რომ მსოფლიო რუკის „სამართლიანობის პრინციპით“ გადაკეთებას შევუდგეთ იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზია იჩენს თავს, რომ მესამე მსოფლიო ომს ვერ ავცდებით.

turketi

კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომამდე პრაქტიკულად არ ავალდებულებდა ქვეყნებს პატივი ეცათ ერთმანეთის სუვერენული უფლებებისთვის (მცირედ უტრირებას ვახდენ), და საერთაშორისო ხელშეკრულებები ირღვეოდა ნებისმიერი საბაბით,  რასაც მოსდევდა ომების შედეგად ტერიტორიების გადანაწილება და ახალი ხელშეკრულებების დადება. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დიდი სახელმწიფოები ან, სულაც იმპერიები, ერთმანეთის სუვერენიტეტს ცნობდნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც რეალურად სულ სხვა, უფრო მცირე სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ. ამ მუდმივ ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებულმა საერთაშორისო წესრიგმა მოუღო ბოლო.  გაეროსა და მოგვიანებით ეუთოს შექმნამ (ევროპაში), მათგან გამომდინარე უამრავი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების საშუალებით გაამყარა ქვეყნებს შორის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებით.

1992 წელს საქართველო საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა, კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას. ახალმა დამოუკიდებელმა საქართველომ ცნო საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ დროისთვის დამკვიდრებული პრინციპები და ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით აღიარა თავისი მეზობელი სახელმწიფოები იმ დროისთვის არსებულ საზღვრებში, მისცა ამ საზღვრების ხელშეუხებლობის პირობა. იგივე გააკეთეს ჩვენ მიმართაც პრაქტიკულად ყველა მეზობელმა სახელმწიფომ და არავის არ დაურღვევია ეს ვალდებულება, გარდა რუსეთისა. რუსეთმა სწორედ ის ხელშეკრულებები დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვით, რომლებიც ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაიდო, ან რომლებსაც ამის შემდგომ შეუერთდა თავად (გაეროს ქარტია, ჰელსინკის კონფერენციის 1975 წელის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია). მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის თვალში სწორედ ამიტომ წარმოადგენს რუსეთი „ოკუპანტ“ ქვეყანას და არა იმიტომ, რომ რაღაც ტერიტორიები მიითვისა ოდესღაც ისტორიულ წარსულში.

რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მაგალითად ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცება, ამ კონტექსტში სწორედ ისტორიულ პრეტენზიებზეა აგებული. ასეთ პოლიტიკას „რედენტიზმს“ უწოდებენ საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსული რედენტიზმი ამ შემთხვევაში განსაკურებულად საშიში ფორმაა, რადგანაც ადრე მის მიერვე აღიარებულ შეთანხმებებს (რომლებსაც ნებაყოფლობით და დაძალების გარეშე მოაწერა ხელი) უბრალოდ აღარ ცნობს ცალმხრივად და ახალ პრეტენზიებს აცხადებს ისტორიული ან სხვა მოსაზრებებით, რაც სრულად ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სწორედ ამის გამო არ შეიძლება მოვიხსენიოთ თურქეთი ოკუპანტად, ისე, როგორც ამას რუსეთის მიმართ ვაკეთებთ, რადგან პირველი იცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და მეორე კი უხეშად არღვევს მათ.

კახა გოგოლაშვილი
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების
კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი