რეკლამა

პროპაგანდასთან ბრძოლა, ანუ ამბავი იმისა თუ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნავს

08.05.2016 • 2342
პროპაგანდასთან ბრძოლა, ანუ ამბავი იმისა თუ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნავს
დავით ძიძიშვილი

დავით ძიძიშვილი

დღეს არავინ დავობს, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც მზის გარშემო ბრუნავს. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა ამის საჯაროდ მთქმელისთვის არც შეშას დაინანებდნენ და მის საჯარო დასჯასაც არ ეყოლებოდა მცირე მაყურებელი. სამწუხაროდ, ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის სისტემა ან უბრალოდ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი ცდილობს მცდარი შეხედულებების დამკვიდრებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირად კი დაშინებას, მოსყიდვას, მონაცემების გაყალბებას ან უბრალოდ მართალი ინფორმაციის დამალვას და მისი ცრუ ფაქტებით ჩანაცვლებას ვხვდებით. საბოლოო ჯამში ვითარდება პროცესი, რომლის დროსაც რთულია მიხვდე, სად მთავრდება სიყალბე და იწყება რეალური, მართალი ინფორმაცია. სწორედ ეს ფენომენი გამოიყენა XX საუკუნის დასაწყისში როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისევ საბჭოთა კავშირმა და შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ადამიანები უტოპიური და ძალადობასა და ბოროტებაზე დაშენებული იდეოლოგიების სისწორეში.

პროპაგანდა ლათინური სიტყვაა და ფაქტების, არგუმენტებისა და ცნობების სისტემურ გავრცელებას აღნიშნავს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ნაცისტური გერმანიის ასევე საბჭოთა კავშირის მიერ ამ ტერმინის საფარქვეშ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 21-ე საუკუნეში ამ სიტყვამ ნეგატიური დატვირთვა შეიძინა და როცა ჩვენს ყურს პროპაგანდა ესმის, ჩვენ მას თითქმის ყოველთვის უარყოფითი კუთხით აღვიქვამთ.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება, არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ, როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს:

გადაამოწმე სანდო წყაროსთან – აღნიშნული ხერხი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის დაზუსტებას  სანდო, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებთან. რაც მეტ წყაროსთან გადაამოწმებთ ინფორმაციას, მით მეტად იქნებით დაცული. თუ თქვენ წაიკითხავთ, რომ პენსია ან ხელფასი იზრდება, ამის საუკეთესო გადამოწმების გზა სოციალური დახმარების ან ხელფასის გამცემი ორგანოს თანამშრომელია, რომელიც არ მოგცემთ ცრუ დაპირებას და შეეცდება, არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს – პროპაგანდისტთა ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენს ინფორმაციის იმგვარი გავრცელება, როცა მოცემული ფაქტების და ცნობების დასადასტურებლად იყენებენ ეგრეთწოდებულ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად: „მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ…“, „ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განაცხადეს“… „მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა“…“ და ა.შ.  თუმცა შემდეგ სტატიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ არსად არის მითითებული თუ ვინ არიან ეს „მეცნიერები“ ან როდის და რომელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარეს „კვლევა, არ ჩანს თუ ვინ არის ავტორიტეტული „ექსპერტი“ და აქვს თუ არა მას ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებას ესაჭიროება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის 98% სწორედ პროპაგანდის ნიმუშია და ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგვიტანს.

არ ენდოთ ზოგად ფრაზებს – პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ, საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ, „დღეს უკვე ყველა თანხმდება….“ და ა.შ. გაითვალისწინეთ, ასეთი ფრაზები სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და საყოველთაოდ ცნობილია, რომ“ხშირად ეს ფრაზა სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ, ნუ აყვებით  ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

არ ენდოთ პირველივე წყაროს –  ხშირად პროპაგანდის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს პირველობის ეფექტის გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აქცევს ყურადღებას ერთ თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას და ძირითადად ენდობა იმ ფაქტს, რომ სულ პირველად იქნა მიწოდებული. ანუ თუ ადამიანი იგებს, რომ სეტყვა იქნება, იგი მყისიერად იწყებს მზადებას მასთან საბრძოლველად და არ უსმენს მეორე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სეტყვა კი იქნება, მაგრამ ხვალ, ან სეტყვა კი იქნება, მაგრამ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოში. ასე რომ, ნუ ენდობით პირველივე წყაროს და ეცადეთ, დაელოდოთ სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დააზუსტოთ დეტალები.

ეშმაკი დეტალებში იმალება – დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დეტალია ინფორმაციაში, მით უფრო მაღალია მისი სანდოობის ხარისხი.  პროპაგანდისტები წამიერ ეფექტზე ორიენტირებული ადამიანები არიან, შესაბამისად ისინი იშვიათად ქმნიან დეტალურ ინფორმაციას. დეტალებს კი სიზუსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ, რაც უფრო ნაკლები დეტალია მოცემულ ინფორმაციაში, მით უფრო მეტია საფრთხე იმისა, რომ თქვენ საქმე პროპაგანდისტულ მასალასთან გაქვთ.

გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ – უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ, დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად, თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ ჩანს ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთის ადგილი, უკეთეს შემთხვევაში, ცეცხლშია… ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.

დასასრულ, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.

გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.

დავით ძიძიშვილი,
თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი