რეკლამა

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“

24.04.2016 • 1692
„მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან,  შოთა ღვინერიასთან

2016 წლის 4 აპრილს ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ტიპის ფორუმის საქართველოში ჩატარება და შედეგები, ამ თემაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველს შოთა ღვინერიას ვესაუბრეთ.

შოთა ღვინერია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: „ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ტრადიციულად ბრიუსელში იმართება. წელს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ნატო-საქართველოს ერთობლივი ფორუმი თბილისში, ნატოს კვირეულის ფარგლებში გაგვემართა. ფორუმის ფორმატი მეტად მნიშვნელოვანია და  ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და  ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს  სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში მოსაზრებები გაცვალონ.

მსურს აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან ერთად გვესაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტურ საშუალებაზე რეგიონში არსებული ისეთი გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, როგორიც არის ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

ნატოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო ნატოს სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას განაგრძობს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც კონკრეტულად საქართველოს გააჩნია.

რას ელის საქართველოს ნატოს ვარშავის სამიტისგან?

2016 წლის  ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ალიანსის მხრიდან ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას და  პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით პროგრესს ელის.

shota gvineria

შოთა ღვინერია

პოლიტიკური თვალსაზრისით,  ჩვენ ნატოსგან  მკაფიო სიგნალს ველით, რაც ვარშავის სამიტის კომუნიკეში  შესაძლოა სხვადასხვა ფორმით აისახოს.  სწორედ პოლიტიკურად ძლიერი გზავნილის მიღების მიზნით, ჩვენ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან  აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ.

პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით ხორციელდება. ის ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ  არსებითი პაკეტის გაძლიერებას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს წევრი ქვეყნების მეტ ჩართულობას ველით, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და  ნატოში გაწევრიანების პროცესს შეუწყობს ხელს.

ამას გარდა,  ვარშავის სამიტზე ალიანსმა უნდა შეიმუშაოს და შეათანხმოს ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის განმტკიცებაში, ხოლო საქართველომ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ნატოს არსებულ პროგრამებსა და ღონისძიებებში, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შედეგად ჩვენ მივიღებთ  ნატოს,  უფრო მეტად წარმოდგენილს საქართველოში და საქართველოს, უფრო მეტად ინტეგრირებულს ნატოში.

 რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას ეროვნულ დონეზე?

თანამედროვე საინფორმაციო გარემო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პირობებში, საქართველოსთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარება, როგორც ეროვნულ, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე.  ამ მიზნით, სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის მიზანია კოორდინირებული გზავნილებით და ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობის ცნობიერების ორი ძირითადი მიმართულებით ამაღლება.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, რაც თავისთავად რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ნიჰილისტურ ნარატივებს გააბათილებს.

ამავდროულად, საჭიროა ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებაში ნატოსა და ევროკავშირის როლისა და თანამშრომლობის პროგრამებიდან მიღებული კონკრეტული სარგებლის შესახებ ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და იმ კონკრეტული სარგებლის შესახებ, რაც, მაგალითად, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას მოაქვს. ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი კომუნიკაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი და შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერებას, დაგვეხმარება უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებაში.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი