IMG_6606

ძეგლების და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე – მოსწავლეების შთაბეჭდილებები

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში ( 18-21 აპრილი) სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყო.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში  აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი და  ძმები ნობელების სახელობის ბათუმის  ტექნოლოგიური მუზეუმი, კინოთეატრ ,,აპოლოში’’ ნახეს დოკუმენტური ფილმი ისტორიული ძეგლების შესახებ, შემდეგ ანიმაციური ფილმი და გაერთნენ გასართობ ცენტრში.

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში  კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდა.

18 აპრილი – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

IMG_6672

ძეგლების და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილე მოსწავლეების შთაბეჭდილებები:

საბა თხილაიშვილი  12 წლის, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„18 აპრილს,  ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  ვიმყოფებოდით  ბათუმში გასვლით ღონისძიებაზე.  ჩემზე  განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა   არქეოლოგიურმა  მუზეუმმა. ოქროს ფონდში დაცულმა ნივთებმა. განსაკუთრებით სპარსულმა მონეტებმა.  მომავალში მსგავს გასვლით  ღონისძიებებში ხშირად ჩავერთვები“.

თათა გოგავა 9 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„მე ძალიან მომეწონა ბათუმის ექსკურსია. განსაკუთრებით მუზეუმების მონახულება. ძმები ნობელების მუზეუმში ვნახე ბევრი საინტერესო ექსპონატი. მოვისმინეთ  ინფორმაცია   შვედი გამომგონებლის ბათუმში მოღვაწეობის შესახებ. მინდა მსგავსი გასვლითი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს“.

ნანა გაგუა-15 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„18 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის კლუბ „კვალის “ წევრები ჩავერთეთ კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს  მიერ ორგანიზებულ  გასვლითი ტურის ღონისძიებებში. მოვინახულეთ სხვადასხვა მუზეუმები. ძალიან ბევრი რამ გავიგეთ.განსაკუთრებით ვისიამოვნე კინოთეატრ „აპოლოში“ , სადაც ვუყურე ანიმაციურ ფილმს „პატარა ბოსი“. დიდი მადლობა ღონისძიების  ორგანიზატორებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ტურები განმეორდება“.

ელენე ბაუჟაძე-14 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„აღნიშნულ ტურში დიდი სიამოვნებით მივიღებ ყოველთვის  მონაწილეობას. განსაკუთრებით საინტერესო იყო გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობისა და რომაული საბრძოლო მანქანების კერძოდ:  კატაპულტას და ბალისტრას ნახვა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს“.

IMG_6604

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
ავტორი