„რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად“

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია  პარლამენტარებთან განიხილეს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად გამართეს.

კანონმდებლებს კონცეფ­ციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა, საფრთხეებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ყურადღება მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა  და განაცხადა, რომ სისტემა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად.

კონცეფციის პროექტის ავტორ­მა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე – არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ.

კონცეფციის სამუშაო ვერსია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით არის შემუშავებული; ის სრულიად ავთენტურია; თუმცა,  პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას მოიცავს. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.

„თვე-ნახევარზე მეტია, რაც დაწყებული გვაქვს დისკუსიები. ახლა შუალედური პროდუქტის მდგომარეობაში ვართ და ამიტომ,  ის დეპუტატებს წარვუდგინეთ. მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული ვარიანტი უკვე სრულფასოვნად წარვუდგინოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსი შედგება. მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ სხვანაირად საზოგადოებისგან შეუძლებელია იმ ტიპის ენთუზიაზმის, მხარდაჭერის მიღება, რაც ამ პროცესს სჭირდება. რეზერვი – ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად. თუ ეს თანხვედრა არ შედგა, მაშინ ვერც ერთი პროექტი, რაოდენ დიდებული კონცეფციებიც უნდა დავწეროთ, წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, რომლითაც ვმოქმედებთ, ეს თანხმობა და ერთობა შედგეს გამოიღებს, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კანონმდებლებთან კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონცეფციის პირველადი პროექტი ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორჯერ უკვე განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს ასევე ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გეგმავს.

REZERVI -PARLAMENTI გარეტ

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი