მიჰეა მოტოჩი: რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას

„რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი

საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ორმხრივი ურთიერთობები. თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ, განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო განათლების სფეროში, თავდაცვით დაზვერვაში, რასაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ინფორმაციის სათანადო გაცვლა ყველა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია. ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას სპეციალური ოპერაციებისა და სახმელეთო ძალების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ინიციატივებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ნატოსთვის, სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის სამომავლო გაფართოება ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე განხილვის თემა უნდა იყოს. რუმინეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. უკვე სამი წელია, რაც რუმინეთის საელჩო თბილისში სამეკავშირეო როლს ასრულებს ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამავე დროს, მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში, როგორიცაა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია და სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა,“ – განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მიჰეა მოტოჩმა.

თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის 7 აპრილს ვიზიტი რუმინეთში, კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

MIHEA MOTOCHI

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი