მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან

ქაფშიას, იგივე ხამსას, ძირითადად ზეთში წვავენ და ისე მიირთმევენ, თუმცა, ლაზურ სამზარეულოში ქაფშია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინგრედიენტი ცალკეული კერძისათვის. ასეთი კერძებია: ქაფშიის მჭადი – ქაფშიონი მჭკიდი და ქაფშიატაღანერი – მწვანილებში შემწვარი ქაფშია. თუ ქაფშია გიყვართ, ეს ორი რეცეპტი მისი სხვა გემოვნური თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

მოცემული რეცეპტები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის პროექტის – „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში იქნა მოძიებული.  

ქაფშიის მჭადი 

ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან

მასალად საჭიროა:

0,5 კგ. მჭადის ფქვილი
300-400 გრ. დამარილებული ქაფშია
1/2 კონა პრასი
200 გრ. მწვანე ხახვი
200 გრ. კარაქი
1/2 კონა ოხრახუში
1 ცალი კარტოფილი
შავი პილპილი გემოვნებით.

მჭადის ფქვილს დავუმატოთ ძვალგამოცლილი ქაფშია, წვრილად დაჭრილი პრასა, ხახვი, ოხრახუში, გახეხილი კარტოფილი, შავი წიწაკა, კარაქი და კარგად მოვზილოთ. დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე და ჰაერღუმელში გამოვაცხოთ.

 

ქაფშიატაღანერი

ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან

მასალად საჭიროა:

300-400 გრამი დამარილებული ქაფშია
1 კგ. ხახვი
1 კონა წითელი ჭარხლის ფოთლები
1 კონა ქინძი, 1 კონა პრასა
1 კონა ოხრახუში, 1 კონა რეჰანი
4-5 კბილი ნიორი
2 ცალი კარტოფილი
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა
4-5 ცალი პამიდორი
1 ჭიქა მჭადის ფქვილი
სუნელები გემოვნებით.

დამარილებულ ქაფშიას გამოვაცალოთ ძვალი. წვრილად დავჭრათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი, ავზილოთ კარგად და გამოვაცხოთ ზეთში.

მთავარ ფოტოზე: კერძები ლაზური სამზარეულოდან. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.