რეკლამა

„ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად“

24.04.2016 • 1674
„ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად“

ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა. სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის ერთგულების პასუხისმგებლობაც მოჰყვა და სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმიდან უამრავი რეკომენდაცია მიიღო. რა ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით მუშაობს სამინისტრო, რამდენად წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რა პრობლემებია? სწორედ ამ თემებზე ესაუბრა გაზეთი „პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

ოთარ დანელია

ოთარ დანელია

– მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის  მიმართულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ისეთებს, როგორიც არის ეკონომიკა, პროფესიული განათლების ამაღლება და სივრცითი მოწყობა –  ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს გახლავთ დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან როგორც საბანკო, ისე კერძო სექტორს ამის გამოცდილება არ გააჩნია და შესაბამისად, ამას დასჭირდა პერიოდი. ჩვენს პროდუქტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ხშირად ვამბობ და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, სლოგანადაც გვექცა: ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად. პროგრესიც სახეზეა – ჩვენ უკვე გვაქვს 148-მდე ახალი საწარმო.  ჩვენ გვაქვს 700-მდე გადაიარაღებული საწარმო, რომელიც, როგორც გაფართოების, ისე სტანდარტების კუთხით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით ევროკავშირის ბაზრები პირველია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენს ნაწილში მოდიოდა 400-ზე მეტი დირექტივა, რომელიც  შესასრულებელი გვქონდა. ეს იყო ყველაზე დატვირთული უწყება სტანდარტების იმპლემენტაციის დანერგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებლის 1/3-ს  ევროკავშირის  ბაზრები იკავებს.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა კოოპერატივები. ამ კუთხით ძალიან დიდი გამოწვევა დაგვხვდა. პრაქტიკულად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმ მოლოდინმა, რომელიც რეალობად ვაქციეთ. საქართველოში გეგმაში იყო 50 კოოპერატივის დაარსება და 1000-ს გავცდით. ეს არ არის მხოლოდ რაოდენობა, ეს არის გამართული სისტემა, რომელშიც წარმოდგენილია ოჯახები, სოფლები.

სოფლის მეურნეობა აქტიურად მუშაობს მელიორაციის კუთხით. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლოსალური რაოდენობის სამუშაოებია ჩატარებული. გვაქვს ტექნიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საჩუქრად მივიღეთ, დაახლოებით 11 მილიონი ლარის ღირებულების, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენ გვქონდა ბაზა, სადაც ამორტიზებული, პრაქტიკულად უვარგისი ტექნიკა იყო.

ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა. ამ კუთხით ყველაზე დიდი მიღწევაა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის პრაქტიკაში დანერგვა. დღეს თუ ვყიდულობთ მაწონს, ის არის ნამდვილად მაწონი. და თუ ის არ არის მაწონი და ხაჭო, მას „მაწონი“ და „ხაჭო” არ აწერია.

ვეტერინარიის კუთხით სახელმწიფო ვაქცინაციის არაერთი პროგრამა გვაქვს და შედარებისთვის, მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია ვერ ხდებოდა,  დღეს გვაქვს რეაგირების, მონიტორინგისა და იდენტიფიცირების ძალიან სწრაფი მექანიზმები. შევიმუშავეთ ბრუცელოზის პროგრამა. დავიწყეთ გადასარეკი ტრასების მოწესრიგება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე ავაშენეთ და კიდევ რამდენიმეს აშენებას ვაპირებთ, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი გარღვევაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირება, რაც პრაქტიკაში არ არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ჩავერთეთ ბზის გადარჩენის პროგრამაში და კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი დაწყებულია.

სურსათის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ღონისძიებაზე და ველოდებით, მაგალითისთვის, თაფლზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გადავაგზავნეთ მონიტორინგისთვის და ველოდებით მათ საბოლოო პასუხს, ასევე, თევზთან მიმართებით ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მიმდინარე წელი გამოვაცხადეთ აკვაკულტურის განვითარების კუთხით პრიორიტეტულად.

ამ ეტაპისთვის, რომლებია სამინისტროსთვის ყველაზე წარმატებული, პრიორიტეტული დარგები?

– ძალიან წარმატებული იყო როგორც გასული წლის ციტრუსის სეზონი, ასევე 2014 წელიც. ჩვენ მივაკვლიეთ ყველაზე მნიშვნელოვანს – რა იყო პრობლემა. არ არსებობდა შესაბამისი სტანდარტის მქონე მიმღები და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. დღეს არსებობს და ამ მიმართულებით უკვე კონკურენციაც გაჩნდა. პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ყოველთვის იყო არასტანდარტული მანდარინი, რომელსაც ხალხი ყრიდა, მერე მიდიოდნენ ტელევიზიები, იღებდნენ ამ გადაყრილ მანდარინს. მაყურებლები ვერ არჩევდნენ, ეს მანდარინი სასურსათო იყო თუ არასტანდარტული. ჩვენ გვქონდა სუბსიდირება არასტანდარტულ მანდარინზე, რათა გლეხს გადაყრის არანაირი მიზეზი არ ჰქონოდა და როგორც შარშან, ისე შარშანწინ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება 10 თეთრი იყო, 10 თეთრს ამატებდა მიმღები და, შესაბამისად, 20 თეთრად რეალიზება უღირდათ.

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცხოველეობის კუთხით გაზრდილია სულადობა და მერძეობის მიმართულებითაც გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა. ყველის არაერთი გადამამუშავებელი საწარმო გაკეთდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ შევეჯიბროთ სხვებს რაოდენობრივად. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ხარისხობრივად და ქართული პროდუქტი არ უნდა იყოს იაფი. პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი.

რომელი გარე ბაზარი აქვს ათვისებული ქართულ პროდუქციას და კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე გვითხარით სად გადის რუსეთში პროდუქტი და ძირითადად რა გაგვაქვს?

– ყველაზე დიდი დაინტერესება გალფის ყურის ქვეყნებიდან მოდის. ასევე, დიდია დაინტერესება ევროპიდან. ევროკავშირს აინტერესებს თევზი და თაფლი. ჩვენი ექსპორტის 30% ევროპის ქვეყნებია. ამერიკაში პროდუქციის პოზიციონირება ძალიან ძვირია, დიდი ბაზარია და სპეციფიკურ მარკეტინგს მოითხოვს. იაპონიიდან ძალიან დიდია დაინტერესება. ჩინეთი სავაჭრო ნაწილში მნიშვნელოვან ობიექტად რჩება და ეკონომიკის სამინისტროც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად მუშაობს. შარშან აგროსასურსათო ნაწილში ჩინეთთან ვაჭრობა გავაორმაგეთ. სხვა ტრადიციული ბაზარი არის უკრაინა. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით 24%. რუსეთში გაგვაქვს თითქმის ყველაფერი, გარდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა, იმიტომ რომ ამაზე ცალკე შეთანხმებაა საჭირო. ველოდებით კერძო სექტორის აქტიურობას. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ხდება კერძო სექტორის მოწვევით, ამოწმებენ და სტრუქტურებს შორის ხდება შეთანხმება.

მიღწევებთან ერთად, რა არის ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევი და გადასალახია?

– სოფლის მეურნეობის კუთხით თქვენ თუ მეტყვით, რა ვერ გავაკეთეთ, უფრო კარგი იქნება. ჩვენ შევქმენით პირობები: აგროდაზღვევა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა და რომელმაც დააზღვია 200 მილიონ ლარამდე ღირებულების რისკი საქართველოში. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც ძალიან კარგად და გასულ წელს 43 შემთხვევის პრევენცია უზრუნველყო. ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც სესხის პროცენტს ასუბსიდირებს და 0%-დან 1% ან 2%-მდე შეიძლება გამოვიდეს საპროცენტო განაკვეთი. გვაქვს საგრანტო კომპონენტი გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც 40%-იან საგრანტო კომპონენტს მოიცავს, 50% აგროკრედიტს და მხოლოდ 10%-ის მობილიზებაა საჭირო ბენეფიციარის მხრიდან. ჩვენ გვაქვს „დანერგე მომავალი“, რომელიც ნერგების 70%-სა და წვეთოვანი სისტემის 50%-ს ასუბსიდირებს. იგივე „აწარმოე საქართველოს“ ნაწილში, უძრავი ქონების გადაცემა ოთხმაგი ან ექვსმაგი, გამომდინარე ლოკაციიდან, ინვესტიციის პირობებით. სახელმწიფომ შექმნა აბსოლუტურად ყველა პირობა. სახელმწიფომ გაზარდა ბიუჯეტი 30 მილიონიდან 300 მილიონამდე. მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაზე სამას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც სახნავ და საგაზაფხულო სამუშაოებს ითვალისწინებს. მელიორაციაში 104 ათასამდე ჰექტრის წყალუზრუნველყოფა მოხდა. დრენირება – მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 650 კილომეტრამდე არხია გაწმენდილი და ეს გაკეთდა სამ წელიწადში. ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების სტრატეგია და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმა.

ასოცირების ხელშეკრულებაში რეფორმების დიდი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგალითად, პროდუქტის უვნებლობაზე. არსებობს გაწერილი გეგმა, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყანამ ამ კუთხით. როგორ მივყვებით ამ გეგმას? გვაქვს ჩამორჩენები? კონკრეტულად სად? რა პრობლემებს წავაწყდით?

– მე პირადად ვაკონტროლებ ამ ვადების დაცვის საკითხებს. დავაჩქარეთ კიდეც რამდენიმე მიმართულება, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ ძალიან კომფორტული ვადით იყო წარმოდგენილი. ეს არის თევზისა და თაფლის მიმართულებები და 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს გადმოვიტანეთ. გვაქვს უფრო დაჩქარებული ტემპი და დაგვიანება არ ყოფილა და არ იქნება. შევქმენით სპეციალური დეპარტამენტი, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.

სალომე ჩადუნელი

4

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: